მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურები როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ისე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის/საფოსტო გზავნილების მიმართ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა “აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (150 ცალი) მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულუბამ 196 045,152 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.