“პანდუსის არარსებობის გამო, გურჯაანის სამხარაულის ბიუროში შშმ პირმა შესვლა ვერ მოახერხა” – სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის ინფორმაციით, განმცხადებელი ცნობის აღების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ფილიალს ეწვია, თუმცა, ვერ შეძლო შენობაში შეღწევა, ვინაიდან ბიუროს გურჯაანის ფილიალის შესასვლელში არ არის მოწყობილი პანდუსი. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არსებული ბარიერის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს აცნობა, ბიუროს თანამშრომელმა მას ქუჩაში გაუტანა ცარიელი ფურცელი და მოკლედ დააწერინა განცხადების ტექსტი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა დაადასტურა, რომ შენობა არ არის აღჭურვილი ეტლით მოსარგებლეთათვის საჭირო საშუალებებით. აქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ოფისების უმრავლესობა აღიჭურვა პანდუსებით; ასევე, დაგეგმილია გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების გადატანა სხვა შენობაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
სახალხო დამცველმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს ზოგადი წინადადებით მიმართა და მოუწოდა, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს როგორც ბიუროს შენობების ადაპტირება, ასევე, ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებმა კარგად გაითავისონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რასაც მათ რეგიონული თუ საერთაშორისო კანონმდებლობა აკისრებთ და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ იმისთვის, რომ შეძლონ შეთავაზებული სერვისისა თუ მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირება, სტანდარტების სრული დაცვით, რათა ამ გზით ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან სერვისებითა და მომსახურებებით სხვებთან თანასწორად სარგებლობას.