მაია ბითაძე რუსთავში კომპანია „რუსელოისის” ფეროშენადნობთა საწარმოში ატმოსფერული ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემას გაეცნო
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში კომპანია „რუსელოისის” ფეროშენადნობთა საწარმოში არსებულ გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემას გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ჩვენ დავიწყეთ ერთგვარი რევიზია იმ კომპანიებისა, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ევალებათ ატმოსფერული ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემის დაყენება და ფილტრაციის სისტემის გამოსწორება. პირველი იყო კომპანია „რუსელოისის” ფეროშენადნობთა საწარმო. კომპანიას დაწყებული აქვს შესაბამისი ტექნიკის და ფილტრაციის სისტემის შეძენის პროცესი.
მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იქ უკვე მოეწყობა ახალი ნაგებობა, დამონტაჟდება ჰაერის გაწმენდისა და ორგანიზებული გაფრქვევის ახალი სისტემა და ეს იქნება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
მსგავსი ღონისძიებები გატარდება სხვა კომპანიენბთან მიმართებითაც, განსაკუთრებით რუსთავში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ ხელშესახები შედეგები გვექნება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა მაია ბითაძემ.