“კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავად, მომართვიანობა არ გაზრდილა” – ციციშვილის ბავშვთა კლინიკა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავად, მომართვიანობა არ გაზრდილა.
“ჩვენთან მომართვიანობა სტაბილურად, ერთსა და იმავე ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს არის დამსახურება იმის, რომ რეგულაცია შეიცვალა და სწორი, დროული მომართვა ხდება პაციენტების, მეორე – დაემატა პედიატრიული კოვიდკლინიკები და ამანაც შეამსუბუქა სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი დრამატული ზრდის მიუხედავად, მომართვიანობა არ გაზრდილა. რეანიმაციაში 20-ზე მეტი პაციენტია. სამი კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ორი პაციენტის მდგომარეობა არ არის დამძიმებული „ომიკრონით“, კრიტიკული პაციენტები იყვნენ და შემდეგ დაემართათ კოვიდი. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალია ხუთი ადგილი, თუმცა დინამიკურად ხდება ახალი პაციენტების მიღება და ძველი პაციენტების გაწერა. ამიტომ ეს მონაცემი იცვლება ხოლმე“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ჯაჭვის შეწყვეტის შემდეგ, გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნება.
„შემთხვევების რაოდენობის ზრდას ალბათ გარკვეული ზღვარი აქვს, რადგან ვირუსის გავრცელების ჯაჭვის შეწყვეტის შემდეგ გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნება. კარგი იქნებოდა, რომ იმუნური ფენა აცრებით და ბუსტერის საშუალებით ყოფილიყო”, – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.