“გამორჩეული ადამიანი იყო” – სოლომონ გოგაშვილი კორონავირუსით გარდაცვლილ მეუფე დიმიტრიზე
“გამორჩეული ადამიანი იყო, იშვიათი უბრალოებით, ღრმა განათლებით და სიკეთის სახით”, – ამის შესახებ “ფეისბუქ” მომხმარებელი, სოლომონ გოგაშვილი კორონავირუსით გარდაცვლილ მეუფე დიმიტრიზე სოციალურ ქსელში წერს.
“2015 წელი იდგა. საიდანღაც ნახეტიალები ჩავედი არბოშიკში და ჩემსა, სახლში კვირიკის ტაძრის მრევლის ფუსფუსი დამხვდა. მეუფეს ველოდებითო. იერარქიაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ მაგდენი ვიცოდი, რომ ეპარქიის მმართველი გვსტუმრობდა. შეძლებისდაგვარად, განსაკუთრებულად ემზადებოდა ჩვენი პატიოსანი ხალხი.
გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა შუახნის სასულიერო პირი და სანამ სუფრასთან მივიდოდა, ოთახში თვალი მოჰკრა 98 წლის ქრისტინა ბაბოს.
შევიდა მასთან ოთახში და ჩვენთან სტუმრობის ძირითადი ნაწილიც იქ გაატარა.
იმ დღიდან მივხვდი, რომ გამორჩეული ადამიანი მოგვევლინა ჩვენს ეპარქიას 2015 წლის იანვრიდან. იშვიათი უბრალოებით, ღრმა განათლებით და სიკეთის სახით.
დღეს ხარაგაულელი მეუფე (ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის) – დიმიტრი კაპანაძე, 46 წლის ასაკში კოვიდმა წაგვართვა.
აუწერელი დრო გვიდგას…”, – წერს გოგაშვილი.