“თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი ეკლესიაში რევოლუციას მოაწყობდნენ” – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია „TV პირველის“ ეთერში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძესა და ამავე ტაძრის მრევლ რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. ტელეკომპანიამ 22 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძღვარმა რუსუდან თავართქილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო არ აზიარა.

„ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს). დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა, აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რომელთაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები. ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში. მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს. ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ისინი. მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს“, – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები