“აუცილებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა” – პროფკავშირები
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვას ეხმიანება.
“მიმდინარე წლის 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა დაიწყო. პროფკავშირების გაერთიანებას წლებია, მჭიდრო კომუნიკაცია აქვს სააგენტოს თანამშრომლებთან და, შესაბამისად, ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მათი შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, როგორიცაა: მიზერული ანაზღაურება (როგორც ფიქსირებული, ასევე გამომუშავებით), მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები, არაანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ტრანსპორტირების პრობლემა, სამედიცინო დაზღვევის პაკეტის ხარისხი და ა.შ.”, – წერია პროფკავშირების განცხადებაში.
პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სააგენტოს თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
“ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია სააგენტოს მრავალრიცხოვან ბენეფიციართა ბედი, რომელიც სრულიად დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ მუშაობაზე.
მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ბენეფიციარები საერთო მოსახლეობის დიდ და სოციალურად ყველაზე დაუცველ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ყოველდღიურად საჭიროებენ ისეთი სერვისების მიღებას, რომელიც უკავშირდება ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ სოციალური გასაცემლებს, სახელმწიფო პენსიას, სოციალურ დახმარებებს, ჯანმრთელობის დაზღვევას, და ა.შ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სააგენტოს დასაქმებულებთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყება. ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანია პრობლემების სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის და მასთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა კოლექტიური შეთანხმების გაფორმების მიზნით, რომელშიც სრულად იქნება ასახული მათი გაუმჯობესებული შრომითი პირობები და სოციალური დაცვის გარანტიები.
იქიდან გამომდინარე რომ დახმარების თხოვნით უკვე სააგენტოს არაერთმა თანამშრომელმა მოგვმართა, მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ მათი შრომითი უფლებების დაცვის პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.