კვლევა: Covid-19 ჰაერზე ინფიცირების უნარის 90%-ს რამდენიმე წუთში კარგავს

კორონავირუსი ინფიცირების უნარს ჰაერში 90%-ით გავრცელებიდან 20 წუთის შემდეგ კარგავს.

დაინფიცირების უნარის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერში გამოყოფიდან პირველი 5 წუთის მანძილზე იკარგება.

მსოფლიოში პირველი ამგვარი სიმულაციის შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს სოციალური/ფიზიკური დისტანციისა და პირბადეების ტარების მნიშვნელობას.

ამის შესახებ, მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით, The Guardian-ი წერს.

როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის აეროზოლური კვლევის ცენტრის დირექტორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჯონათან რეიდმა თქვა, “ადამიანები ორიენტირებულნი იყვნენ ცუდად ვენტილირებად სივრცეებზე და ფიქრობდნენ ჰაერ-წვეთოვან გადაცემაზე ერთ მეტრზე ან ოთახის სიშორეზე. არ ვამბობ, რომ ეს არ ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ინფიცირების ყველაზე დიდი რისკი მაინც მაშინ არის, როდესაც თქვენ ვინმესთან ახლოს იმყოფებით”.

მისივე თქმით, „როდესაც ადამიანისგან უფრო შორს გადიხარ, ვირუსი ნაკლებინფექციური ხდება”.

გამოცემა წერს, რომ ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს აპარატურა, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა, შეექმნათ ნებისმიერი რაოდენობის პაწაწინა, ვირუსის შემცველი ნაწილაკები და ნაზად აეყვანათ ისინი ორ ელექტრულ რგოლს შორის ხუთი წამიდან 20 წუთამდე, ამასთან, მიმდინარეობდა ტემპერატურის, ტენიანობის, ულტრაბგერითი გამოსხივების კონტროლი.

კვლევის თანახმად, ვირუსული ნაწილაკები ტოვებენ ფილტვების შედარებით ტენიან და ნახშირორჟანგით მდიდარ პირობებს, ისინი სწრაფად კარგავენ წყალს და შრებიან მაშინ, როდესაც ნახშირორჟანგის დაბალ დონეებზე გადასვლა რთულდება, რაც დაკავშირებულია pH-ის სწრაფ მატებასთან.

ორივე ეს ფაქტორი არღვევს ვირუსის უნარს, დააინფიციროს ადამიანის უჯრედები, მაგრამ ნაწილაკების გაშრობის სიჩქარე იცვლება გარემომცველი ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მიხედვით.

აღინიშნება, რომ როდესაც ეს მაჩვენებელი იყო 50%-ზე დაბალი – მსგავსი შედარებით მშრალი ჰაერი, ბევრ ოფისშია ნაპოვნი – ვირუსმა დაკარგა ინფიცირების დაახლოებით ნახევარი 5 წამში, რის შემდეგაც კლება უფრო ნელი და სტაბილური იყო, შემდგომი 19%-იანი დანაკარგით 5 წუთის განმავლობაში.

90% -იანი ტენიანობის დროს – რაც დაახლოებით ორთქლის ან საშხაპე ოთახის ექვივალენტურია- ინფექციურობის დაქვეითება უფრო ეტაპობრივი იყო: ნაწილაკების 52% რჩებოდა ინფექციური 5 წუთის შემდეგ და მცირდებოდა, დაახლოებით, 10%-მდე 20 წუთის შემდეგ.

თუმცა, ჰაერის ტემპერატურამ არავითარი განსხვავება არ მოახდინა ვირუსულ ინფექციასთან, რაც ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ რწმენას, რომ ვირუსის გადაცემა უფრო დაბალია მაღალ ტემპერატურაზე.

”ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მე დღეს ვხვდები მეგობრებს ლანჩზე პაბში, მთავარი რისკი იქნება ჩემ მიერ მეგობრებისთვის ვირუსის გადაცემა, ან მეგობრები მე გადმომცენ ვირუსს და არა ვინმესგან გადამედოს ოთახის მეორე მხარიდან”, – ამბობს რეიდი და დასძენს, რომ “ეს ხაზს უსვამს ნიღბის ტარების მნიშვნელობას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ფიზიკურად დაშორება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები