მიხეილ სარჯველაძე: ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საუბარი იმის თაობაზე, რომ თითქოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში, სწორი არ არის.

მისივე თქმით, იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და ყველა ის ფუნქცია, რომელიც დღეს ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, კვლავაც იქნება შენარჩუნებული.

“რეფორმის შედეგად დაგეგმილია, რომ იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და შესაბამისად, ყველა ის ფუნქცია რომელიც, დღეს ხორციელდება, კვლავაც იქნება შენარჩუნებული მოქმედი კანონმდებლობით. საუბარი, რომ უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში, სწორი არ არის. ერთმანეთისგან გაიმიჯნება ინსპექტორის ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას და სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმას, რომელიც ჩატარდა.

არაერთი არასამთავრობო და ავტორიტეტული დაწესებულება თვლიდა, რომ ეს ყოფილიყო განცალკევებულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო დაწესებულება. ეს ალბათ განხილვების პროცესშიც გამოიკვეთება, ვისი მოსაზრება საითკენ არის მიმართული. არ მგონია, რომ რაიმე დიდი მიზეზი არსებობს, რომ ერთმანეთთან დაკავშირდეს რაიმე კონკრეტული გადაწყეტილება სახელმწიფო ინსპექტორისა უშუალოდ ამ რეფორმის შინაარსთან. ქალბატონი ლონდას გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას. მისი საქმიანობის შეფასებას რაც შეეხება, იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის მეც მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, რომელთა დაკავშირებითაც როგორც იურისტს მაქვს განსხვავებული შეხედულებები. რა თქმა უნდა ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები, ისევე როგორც ინსპექტორის იმ ფუნქციების ნაწილში, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები