საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის საფრთხის მოხსნის შემდეგ, გუდაურიდან გზის 99-ე კმ-მდე მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და აქტიურად გრძელდება.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრიდან კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება, რომლის მოხსნის შემდეგაც დარჩენილ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება და საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება. ამ დროისთვის გუდაური კობის მონაკვეთზე ორივე მხრიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
დღეისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთსა და ასევე ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე. ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, კალა-უშგულის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთსა და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ12-კმ106 მონაკვეთზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზაზე – კორშა-შატილის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.