კულტურის სამინისტრო ახალი ლიტერატურული პრემიის – „წლის საუკეთესო” მოკლე სიას აქვეყნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ახალი ლიტერატურული პრემიის – „წლის საუკეთესო” ნომინანტთა მოკლე სია ცნობილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჟიურიმ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში დაასახელა (ავტორები წარმოდგენილნი არიან ანბანური რიგითობით და რიგითი ნომერი არ ასახავს ერთი ავტორის უპირატესობას მეორე ავტორთან მიმართებაში): ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული” 1. ავტორი – ჟვანია ნინო, „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ”, წარმდგენი – ავტორი; 2. ავტორი – ფავლენიშვილი ეკატერინე, „საწუთროს მარგალიტები”, წარმდგენი – ავტორი; 3. ავტორი – ქადაგიძე ნინო, „მინიატურები”, წარმდგენი – ავტორი.
ნომინაცია „წლის საუკეთესო რომანი” 1. ავტორი – ბადალაშვილი დავითი, „ლეკვების სამოთხე”, წარმდგენი – ავტორი; 2. ავტორი – ჩქვანავა გელა, „კადრილი”, წარმდგენი – ავტორი. ნომინაცია „წლის საუკეთესო პოეტური კრებული” 1. ავტორი – თათარაიძე ეთერი, „რა გქვიანის ყვავილო?; ჩიტო, შენც გამომყევ” (ორ წიგნად), წარმდგენი – ავტორი; 2. ავტორი – მთვარელიძე თათია, „ობის წიგნი”, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო; 3. ავტორი – წიკლაური მარიამი, „რისკჯგუფი”, წარმდგენი – ავტორი; 4. ავტორი – ჯორჯანელი ნიკა, „ნეტფლიქსი”, წარმდგენი შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო.
ნომინაცია „წლის საუკეთესო პიესა” 1. ავტორი – მაცხონაშვილი ელენე, „ყვავი რო მოვა”, წარმდგენი – ავტორი; 2. ავტორი – ყუშიტაშვილი ფიქრია, „ჩვენებური ამბავი”, წარმდგენი – ავტორი; 3. ავტორი – შერვაშიძე გიორგი, „ასი ათას ერთი”, წარმდგენი- ავტორი. შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათ შორის 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილია ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ.
საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ განიხილა მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ცოცხალი ავტორის/ების ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები; ხოლო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა” განხილულ იქნა როგორც წიგნად გამოცემული და გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 6 378 ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით). კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 2021 წლის 26 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება.