კულტურის სამინისტრომ სახელოვნებო სასწავლებლებს საჩუქრად გიტარები გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოთხ სახელოვნებო სასწავლებელს და ერთ მუსიკოსს საჩუქრად გიტარები გადასცა. ღონისძიება სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართა და მას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე, მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელები და მოსწავლეები და დაესწრნენ. ასევე, შეხვედრას დაესწრო სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული კულტურის სამინისტროსთვის ინსტრუმენტების გადაცემის პროცესში. კერძოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კულტურის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 155 გიტარა (72 470 ლარის ღირებულების) იმ მიზნით, რომ სამინისტრო ინსტრუმენტებით დაეხმაროს სახელოვნებო სასწავლებლებს. მათგან 57 გიტარა (27830 ლარის ღირებულების) დღეს კულტურის სამინისტრომ საჩუქრად გადასცა მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს და ოთხ სახელოვნებო სასწავლებელს (მათ შორის ორი არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ხოლო ორი – მუნიციპალური სასწავლებელი), ვისაც ამის ყველაზე მწვავე საჭიროება ჰქონდა. ესენია:

კულტურის სამინისტროს სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
კულტურის სამინისტროს სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
ა(ა)იპ ქ. თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების N1 სკოლა;
ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლა;
ფ/პ ხვიჩა მაღლაკელიძე.
სამინისტროში დარჩენილი ინსტრუმენტებიც ეტაპობრივად გადაეცემა სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლებს და მუსიკოსებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია სახელოვნებო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება, რათა ახალგაზრდებს განათლების სათანადო პირობებში მიღების საშუალება მიეცეთ. კულტურის მინისტრმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი ურუშაძეს. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელოვნებო სასწავლებლებისთვის მოძველებული ინსტრუმენტები ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტების შეძენა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. ეს კი, ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ინსტრუმენტების დეფიციტი აღმოიფხვრას, ვინაიდან მაგალითად, კონსერვატორიისათვის სახელმწიფოს 1970-იანი წლებიდან ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია და წელს პირველად, მათთვის სამი როიალი შევიძინეთ. გვაქვს დიდი გეგმები მომავალ წელსაც, როდესაც „სტენვეისთან“ მოლაპარაკებებს დავასრულებთ და კონსერვატორიაში ყოველ წელს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეული ახალი როიალი გაჩნდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, კულტურის სამინისტრომ, მისი შექმნის დღიდან დაიწყო მუშაობა სახელოვნებო სასწავლებლებში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე და მიმდინარე წლის აგვისტოში 70-იანი წლების შემდეგ პირველად, სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა. მათ შორის იყო როგორც სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ასევე კერძო და მუნიციპალური სამუსიკო სასწავლებლები. პროექტზე ჯამში 700 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა ინსტრუმენტების განახლების მიზნით მიიღო სახელმწიფო კონსერვატორიამ (300 000 ლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები