ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტებზე იმსჯელეს და პლენარულ სხდომაზე განსახილველად მათ გატანას მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორის და მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც, 2023 წლის 1 იანვრამდე, შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.

როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება, პანდემიასთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად 2020 წლის 22 მაისის საკანონმდებლო ნორმების მოქმედების გაგრძელება გახდა აუცილებელი, რათა სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა პანდემიის პერიოდში კვლავაც არსებობდეს. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისაკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები, აღნიშნა მომხსენებელმა.

ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრადაშვილი. კანონპროექტებს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს. კომიტეტმა ამავე სხდომაზე მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კომერციული იურიდიული პირის დირექტორის სოციალურად დაუცველი პირის სტატუსს უკავშირდება. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, რომ „კომერციული იურიდიული პირების დირექტორები არ ექვემდებარებოდნენ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსს, ვინაიდან თუ პირი შპს-ს ან სააქციო საზოგადოების დირექტორია, ითვლება, რომ იგი აქტიურად არის ჩართული ეკონომიკურ ურთიერთობებში, წარმართავს სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობას”.

კომიტეტის დასკვნის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის შეწყვეტის წესი და პირობები განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე ოჯახის დეკლარაციაში პირის სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია არ მიეთითება, აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო დონეზე მსგავსი შეზღუდვის დაწესება ობიექტურ საჭიროებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, კომიტეტმა მოქალაქის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები