ელისაშვილი – ფინანსთა მინისტრს: “ქამრების შემოჭერა” – იყო ასეთი ტერმინი, ახლა საერთოდ ლექსიკაშიც აღარაა, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ “შემოჭერილ ქამრებს“?
“თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ “შემოჭერილ ქამრებს“?”, – ასე მიმართა “მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
ელისაშვილის თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი.
“ქამრების შემოჭერა” – იყო ასეთი ტერმინი, ახლა საერთოდ ლექსიკაშიც აღარაა. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ “შემოჭერილ ქამრებს“? ერთი, კარგი რაც არის, ეს არის ვეტერანების დახმარების ზრდა. არც 100 ლარი არის ის ღირსეული ანაზღაურება და თანხა, რაც ვეტერანმა თავისი თავგანწირვისთვის უნდა მიიღოს, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ და 22 ლართან შედარებით ზრდა არის. რასაც არაფრით არ ვეთანხმები, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი. პირველ ვერსიასთან შედარებით, გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აღმაშფოთებლად არასაკმარისად”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.