მაკა ბოჭორიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის ყოველწლიურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, მაკა ბოჭორიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონული და ადგილობრივი ხელსუფლების კონფერენციის (CORLEAP) რიგით მეათე ყოველწლიურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შემდგომი თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო გეგმებსა და „ასოცირებული სამეულისთვის” ევროკავშირის ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებაზე, რაც ამ ქვეყნებს, განსახორციელებელი რეფორმებისთვის მოტივაციის გაზრდაში დაეხმარება.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ შემუშავებულ გზავნილზე, რომლის თანახმად, საჭიროა დამატებითი და უფრო ამბიციური გეოპოლიტიკური იმპულსი მიეცეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივასა და ამით, მოტივაცია შეუნარჩუნდეთ დაინტერესებულ პარტნიორ ქვეყნებს, განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები, რაც რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
„ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ასოცირების შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, აიღეს ვალდებულება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. მაშინ, როდესაც სამივე ქვეყანა დგას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, რუსეთის ოკუპაციის, ანექსიისა და გაძლიერებული ჰიბრიდული ომის წინაშე, ევროინტეგრაციის გზის მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით. ახლახან, ოფიციალურად ჩამოვაყალიბეთ „ასოცირებული სამეულის” ფორმატი, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შევუწყოთ ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნებს. როგორც „ასოცირებული სამეულისთვის”, ისე ევროკავშირისთვის, აუცილებელია ახალი მკაფიო მიზნის დასახვა ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის, რომელიც აქტუალური დარჩება ამ სწრაფად ცვალებად გარემოში და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენს. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობა უნდა დარჩეს ძლიერი და მოქნილი დიფერენციაციის მკაფიო ინსტრუმენტებით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ლინ ვერბეკმა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის (Committee of Regions) ინიციატივით „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონული და ადგილობრივი ხელსუფლების კონფერენცია 2011 წელს დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგულარული დიალოგის წარმართვას. კონფერენცია აერთიანებს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს, როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.