კელი დეგნანი: საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით
“საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის ცე ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული არის აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი
„აშშ და ჩვენი დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ძალიან ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გასული წლების განმავლობაში, რომ მოხდეს მომაკვდინებელი დაავადების აღმოფხვრა, რომლისგანაც 150 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იტანჯებოდა. განკურნების მაჩვენებელი არის 98 პროცენტი იმ მოქალაქეებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამ პროგრამით. ეს არის უზარმაზარი წარმატება. საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით. ეს არის აშშ-ს და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში ძლიერი პარტნიორობის შესანიშნავი მაგალითი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.