ეროვნულ არქივს უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი, მიკლოს კასლერი ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებსა და საქართველოში უნგრეთის ელჩ ანა შიკოსთან ერთად, მინისტრი ეროვნულ არქივში უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებულ საარქივო მასალასა და აქ დაცულ უძველეს ქართულ ხელნაწერებს გაეცნო.
სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძემ უმასპინძლეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უნგრელ მინისტრთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სპეციალურად მოწყობილ მცირე ექსპოზიციაზე ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ წარმოდგენილი იყო ისეთი გამორჩეული მასალა, როგორიცაა საქართველოში ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს დაარსებისა და საკონსულოს შემადგენლობის შესახებ დოკუმენტები; საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული ურთიერთობის ამსახველი კორესპოდენცია, აფიშები, საგასტროლო პროგრამები; 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსანი” მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით, ასევე, მიხაი ზიჩის მიერ ქუთაისში დადგმული „ვეფხისტყაოსნის” ცოცხალი სურათების ფოტოასლები და სხვა; სტუმრებმა იხილეს 1967 წლის კინოსიუჟეტი საქართველოში გამართული უნგრეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის დეკადის შესახებ. ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერებიდან კი უნგრეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ IX საუკუნის ანბანდიდ სახარებას, XII საუკუნის ანჩის სახარებას, დავით აღმაშენებლის ანდერძსა და სხვა უნიკალურ ხელნაწერებს.