1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე ვერ განთავსდება
1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან, იმპორტის გზით, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით, შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“
„წინასწარი შეტყობინების ფორმა, მისი შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან, დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი პროდუქტების იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება.
აღნიშნული ცვლილების შესახებ, 2500-მდე გადასახადის გადამხდელს შეტყობინება უკვე გაეგზავნა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1483, ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.