მე-18 დაწესებულების ექიმი: მიხეილ სააკაშვილმა წამლების მიღება განაახლა, კალიუმის მაჩვენებელი მიუახლოვდა ნორმას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
“პაციენტ მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები ნორმის ფარგლებშია”, – ამის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიული განყოფილების ექიმმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ჯგუფი, მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე, წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე, ნორმის ფარგლებშია. პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ, დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ექიმმა.