მსოფლიო ბანკი მზადაა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობა ნაყოფიერად ვითარდება მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში.
ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს გააცნო ეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.
თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა.