ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის საკითხზე იმსჯელა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საკითხი – „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, „წელს საკმაოდ კარგი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიდის და ეკონომიკური ზრდის ცხრა თვის ჯამური მაჩვენებელი 11,3%-ს შეადგენს“.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ცხრა თვის ეკონომიკური მაჩვენებლები და ცალკეული სამინისტროების მიერ ბიუჯეტის შესრულების საკითხი გააცნო. მისი ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 4 მილიარდ 641 მილიონ ლარზე მეტს, 98%-ია შესრულების მაჩვენებელი.
„მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამები 99,9%-ით შესრულდა, მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამების კუთხით კი გაწეული ხარჯი ჯამში შეადგენს მილიარდ 594 მილიონ ლარს, 95%-ზე მეტია აქ შესრულება. საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა ვერტიკალური პროგრამის ფარგლებში შესრულების მაჩვენებელი 113%-ია. უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 9 თვის განმავლობაში მიიმართა 719,2 მილიონი ლარი და აქ დღეის მდგომარეობით უკვე გაწეული ხარჯი 843 მილიონ ლარზე მეტია. გეგმური მაჩვენებელი აქ გვაქვს 950 მილიონი ლარი. სამწუხაროდ, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ეს ფული არ გვეყოფა, ამ კვირაში გვექნება დამატებითი განხილვა და დიდ ალბათობით, მალე წარმოვადგენთ პარლამენტში ცვლილებების პროექტს, რომელიც საჭირო იქნება ჯანდაცვის ნაწილში დამატებითი დაფინანსებისთვის, რათა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება სრულად უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.