ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციის აქციებზე: ქუჩა-ქუჩა დარბოდნენ და ბოლოს მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა – საპროტესტო აქცია რამდენიც უნდათ, იმდენი ჩაატარონ, პრობლემას ვერ ვხედავ
“ეს კინო ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ, შარშან, ქუჩა-ქუჩა დარბოდნენ და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ მერე როგორც შედეგების აღიარება, ასევე, პარლამენტში შემოსვლა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის აქციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სამხარაძემ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის მიერ აქციების გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს.
“ეს კინო ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ, შარშან, როდესაც მათ არ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდეგ ასე ქუჩა-ქუჩა დარბოდნენ და, საბოლოოდ, მაინც მოუწიათ მერე როგორც შედეგების აღიარება, ასევე პარლამენტში შემოსვლა. კი ბატონო, საპროტესტო აქციის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ აქვთ ამის უფლება და ჩაატარონ, დღესაც ალბათ ჩაატარებენ და მომავალშიც, თუმცა, ეს ვერ გახდება ქვეყანაში არეულობის, ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობა – მთავარი ეს არის, თორემ საპროტესტო აქცია რამდენიც უნდათ იმდენი ჩაატარონ, ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.