გიორგი ცუცქირიძე: სააკაშვილის სკანდალური ოდისეა, რომელიც ქვეყანაში საზღვრის კვეთის არალეგალური შემოსვლით დაიწყო და შიმშილობის ისტორიით გაგრძელდა, ახალ გაგრძელებას გვთავაზობს

“მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ოდისეა, რომელიც ქვეყანაში საზღვრის კვეთის არალეგალური შემოსვლით დაიწყო და შიმშილობის ისტორიით გაგრძელდა, ახალ გაგრძელებას გვთავაზობს, თან არანაკლებ სკანდალურს”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუმცა, ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო ერთი თვეზე მეტია მისი ნებაყოფლობითი შიმშილობის საქმეც და ციხიდან გაკეთებული მისი გზავნილებიც არანაკლები ინტრიგის მატარებელი იყო და მხარდამჭერთა გამხნევებას და პოლიტიკური მუხტის აწევას ემსახურებოდა.

პოლიტიკურ ასპექტში ამ შიმშილობის ეპოქალურ მოვლენად და ლამის იდეისთვის თვითშეწირვის აქტად გაფორმებაც გასაგებია, ისიც გასაგებია როდესაც მისმა დამცველებმა და მხარდამჭერებმა, ეს თემა რატომაც დახურეს საზოგადოებისაგან. შემდეგ, მის ჯანმრთელობის მონიტორინგში ეჭვი შეიტანეს და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციები დაიწყეს!

არადა სწორედ მათ და ოპოზიციის მხარდამჭერ მედიას ევალებოდა მაღალი საოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მისი შიმშილობის დეტალები საზოგადოებისათვის გამხდარიყო ცნობილი, ახლა ხელისუფლებას აქეთ, რომ ამუნათებენ. პირად ინფორმაცის რაც შეეხება, არც არავინ ითხოვდა იმ მედიკამენტების დეტალურ ჩამოთვლას რასაც ის იღებს. მაგრამ პატიმრის მენიუ და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უნდა იმალებოდეს საზოგადოებიდან და როდესაც კერძო კლინიკაში ითხოვ გადაყვანას, ისიც უნდა იყოს ცნობილი ადგილზე მკურნალობა რამდენად არის ან არ არის ალტერნატივა.

ამ ისტორიის გაგრძელება იყო ჯერ იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განმარტებები პატიმარ სააკაშვილის მენიუზე. საიდანაც გაცხადდა, რომ ის იღებს ფაფებს და ნატურალურ წვენებს, ხოლო დღეს უკვე სუს ის განცხადება რევოლუციურ სცენარზე კრავს მთელი ამ პოლიტიკური ოდისეის სცენარს.

ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით და ყველაზე საგანგაშოა, იგეგმება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც კი.

იმედია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით დეტალებსაც გაასაჯაროებს, თუმცა ამ სცენარის განხორციელების ალბათობა ნამდვილად არ არის გამორიცხული და ანალოგებს უფრო სერბულ და მოლდოვურ სცენართანაც პოვებს .

თუმცა უნდა ითქვას, რომ არც სერბული, და არც მოლდოვური სცენარები ან მათი ჰიბრიდი აქ საეჭვოა გამოვიდეს. უფრო არ გამოვა, რადგან არც სერბეთის და არც მოლდოვის ოპოზიცია, განსხვავებით ოფიციალური ხელისუფლებისაგან არ ატარებდა წარსულის ისეთ სიმძიმეს, რასაც ოპოზიცია და მისი ფლაგმანი ნაციონალური მოძრაობა ატარებს, მათი მართველობისას დაკარგული ტერიტორიების და ძალადობის კულტივირებით და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების სახით. და არც “ქართული ოცნების” შედარება არის რელევანტური გნებავთ მოლდოვის და გნებავთ სერბეთის მაშინდელ მართველ ძალასთან, პირიქით, დღევანდელი საგარეო კურსით და რეფორმების ხასიათით, მათ ანტიპოდადაც კი გამოდგება. ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის შეტანაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები