უკრაინის ომბუდსმენი: სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მე-18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

“სააკაშვილი ამბობს, რომ არ გადავა მე-18 კოლონიაში მდებარე ციხის საავადმყოფოში. მიიჩნევს, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება, საფრთხე შეექმნას, რადგან ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს ამ ციხეში იხდიან, მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ”, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.

მისივე თქმით, შიმშილობის გამო კრიზისული ვითარება შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიქმნას.

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღითიდღე სუსტდება. მას ოთხი კრიზისი ჰქონდა, მათგან ორი ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული. სასიცოცხლოდ აუცილებელი მაჩვენებლები ამ კრიზისების დროს დაეცა. კოლონიის ეზოში მორიგეობს რეანომობილი და ექიმების ბრიგადა. რეანიმაციულ ბრიგადას შეუძლია სისხლის გადასხმის გაკეთება, როდესაც ეს საჭირო გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი. თუ დადგება სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების აღდგენის აუცილებლობა და ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი 27-ე დღეა, შიმშილობს, ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, რეანიმაციული ბრიგადა ამის გაკეთებას ვერ შეძლებს; საავადმყოფომდე მის მიყვანასაც სავარაუდოდ ვერ შეძლებენ, თუ სააკაშვილი კვლავ აქ დარჩება. ის ამბობს, რომ არ გადავა მე-18 კოლონიაში მდებარე ციხის საავადმყოფოში. მიიჩნევს, რომ ამ საავადმყოფოში უსაფრთხოება დაცული არ არის და მის სიცოცხლეს შეიძლება, საფრთხე შეექმნას, რადგან ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს ამ ციხეში იხდიან, მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ჩემმა ქართველმა კოლეგამ, ომბუდსმენმა დაათვალიერა მეთვრამეტე კოლონიის საავადმყოფო და დაადასტურა, რომ იქ არ არის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა აუცილებელი დახმარების გასაწევად ისეთ კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ადამიანისთვის და ასეთი კრიზისი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს შიმშილობის გამო. ამიტომ, ის უარს აცხადებს ამ ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, თუნდაც, ძალით რომ წაიყვანონ“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები