საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

26-27 ოქტომბერს, შვეიცარიაში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟენევაში მიმდინარე 31-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესის ძირითადი თემა აეროპორტების ოპერირებისა და ფინანსური საკითხების პრობლემების გადაჭრის გზები და კოვიდ პანდემიის დროს ბაზრის სტრუქტურული ცვლილებებია. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება – თუ როგორ უნდა დაძლიონ პანდემიის პირობებში არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ ადაპტირდნენ ბიზნესები არსებულ გარემოზე. ,,COVID 19 პანდემიის დროს ყველაზე მეტად ავიაციის სფერო დაზარალდა.

2020 წელს პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ბიზნესები, აეროპორტებიც ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. 2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა, სადაც ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელი პირები შევიკრიბეთ. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე აეროპორტების საქმიანობისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

2-დღიანი ღონისძიების დასასრულ, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც 5 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები