„დღეს სააკაშვილი ციხის გისოსებიდან ღიმილით ელაპარაკება გარეთ მყოფ  მომიტინგეებს, ეს ხომ ცინიზმია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც მისი ხელისუფლების დროს   ციხეები გამოიარეს?“ – ნანა კაკაბაძე 

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“   სანატორიუმის პირობებს იწუნებს, რომელიც  სააკაშვილისთვის  ციხეშია შექმნილი.  არა ყველა პატიმრისთვის, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილისთვისაა  სასათბურე პირობები  შექმნილი, ეს  სიზმრად  თუ დაესიზმრებოდა რომელიმე პატიმარს იმ დროს,  როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ჩურჩულის ხმა რომ გასულიყო საკნიდან,  შედიოდნენ და პატიმრებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ,“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

კაკაბაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სააკაშვილი  იმ რეჟიმის ავტორია, რომელმაც  ათი ათასობით, ასი ათასობით ადამიანს  უფლება შეუალახა.  ეს ადამიანები დღეს სამართლიანობის  აღდგენის  მოლოდინში არიან და ამ დროს ჩვენ ავტეხეთ ამბავი, რომ ვაიმე, თურმე,  სააკაშვილი შიმშილობს. ჯერ ერთი, როგორც შიმშილობს, ამაზე ინფორმაცია  მიეწოდა მედიასაშუალებებს, რომ ის იკვებება თაფლებით,  წვენებით და კაცმა არ იცის, კიდევ რა საშუალებებით.  ის არ არის  ადამიანი, რომ მართლაც შიმშილობდეს, მაგრამ თუნდაც რომ შიმშილობდეს, ციხეებში იცით, რამდენი ადამიანი  შიმშილობს, სააკაშვილსგან განსხვავებით, რომელსაც  მოთხოვნა არ გააჩნია?  რა უნდა მოითხოვოს საკაშვილმა, ის – რომ არაფერი ჩამიდენიაო? ის, რომ  გირგვლიანის მკვლელობა მის რეჟიმს არ უკავშირდება?  გირგვლიანის მკვლელები რომ გამოეშვა ციხიდან,  4 კანონი რომ შეაცვლევინა პარლამენტს  1 დღეში,  ეს მასთან არაა კავშირში?  ის, რომ ქვეყნის  ტერიტორიები დაკარგა, მის რეჟიმს არ უკავშირდება? დღეს პრორუსობაზე რომ ლაპარაკობს, 100-ზე მეტი ჰესი  თავად მიჰყიდა ოკუპანტ ქვეყანს, ეს არ არის მისი დანაშაულები? ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, სააკშვილის რეჟიმს უკავშირდება. საერთოდ, როცა ვინმე კითხვას  სვამს, რატომ უნდა იხდიდეს სასჯელს სააკაშვილი, იქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რომელი ადამიანი უნდა იხდიდეს სასჯელს, ვინც ციხეში ზის და ვის აქვს იმასთან მიახლოებული დანაშაული ჩადენილი, რაც სააკაშვილს?  ამაზე თუ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“   რომელიმე წევრს პასუხი?

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“   სანატორიუმის პირობებს იწუნებს, რომელიც  სააკაშვილისთვის  ციხეშია შექმნილი, არა ყველა პატიმრისთვის, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილისთვისაა  სასათბურე პირობები  შექმნილი, ეს  სიზმრად  თუ დაესიზმრებოდა რომელიმე პატიმარს იმ დროს,  როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ჩურჩულის ხმა რომ გასულიყო საკნიდან,  შედიოდნენ და პატიმრებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.   დღეს სააკაშვილი ციხის გისოსებიდან ღიმილით ელაპარაკება გარეთ  მომიტინგეებს, ეს ხომ ცინიზმია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ეს ციხეები გამოიარეს?”, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე  თქმით, რეჟიმს,  რომელსაც საკაშვილის  სახელი უკავშირდება,  ათასობით ადამიანი ჰყავდა   დაზარალებული.

„სააკაშვილის  დაპატიმრება ბოლო პერიოდში  ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა. იმ დროს,  როცა მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ  პირველ პირს, პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხხა სასჯელით არიან დაპატიმრებულნი, გასამართლებულნი. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრლდებებით, როგორითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა,   მსოფლიოში ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან. მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას რაღაც არაადეკატური რეაგირება მოჰყვა,  ერთი მხრივ, მედიასაშულებებში, მეორე მხრივ,  უფლებადამცველების მხრიდან.  რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია ჩვენი სახალხო დაცველი, რომელიც უფლებამოსილებებსა და პოზიციებში ვერ გაერკვა.

აქედან გამომდინარე,  ჩვენმა ორგანიზაციამ და პირადაც მე საჭიროდ ჩავთვალეთ,  კიდევ ერთხელ განგვემარტა, რა ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიუდგეს უფლებადამცველი ამ პრობლემას.  ვიცით, რომ რეჟიმს, რომელსაც საკაშვილის  სახელი უკავშირდება,  ასობით, ათასობით ადამიანი ჰყავდა   დაზარალებული, უფლებაშელახული.  300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, ციხე,  სასამართლოები, მათ თავიანთ თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც  თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით: ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები, წამებით გამოწვეული  გარდაცვალება, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა,  დახვრეტა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ისეთი ადამიანებისა,    რომელთა წიანაღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ იყო აღძრული, გამოძიებებიც კი არ იყო დაწყებული და  ხელისუფლება მათ პირდაპირ,  უაპელაციოდ ,,კრიმინალებს,, ეძახდა. აქედან გამომდინარე, ცალსახაა იმ ადამიანების უფლებების დარღვევა,  ვისზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ. ამას ემატება ომის პროვოცირება,  რომელიც ჩვენმა ქვეყანამ  2008 წელს  განახორციელა და რომელსაც  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლინობის დაკარგვა მოჰყვა.  დღეს საშიშია იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყანა იყო ინსპირატორი ამისა, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ბრიუსელში, ევროსაბჭოს საპარლამენტო    ასამბლეის რეზოლუციაში ამას მოაწერა ხელი სააკაშვილის გუნდმა და საქართველო ომის  პროვოცირებაში დაადანაშაულა. აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩავარდა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ის იძულებული იყო,  საერთაშორისო სასამართლოების დონეზე  თუ ქვეყნის შიგნით ემტკიცებინა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ეს იყო ჩვენი ტერიტორიები და რომ რუსეთის შემოჭრა იყო აგრესია,  რაც  უნდა  პროვოკაცია გამოეწვია სააკაშვილს, ომი რუსეთის მხრიდან იყო დაწყებული. ესეც კი სამტკიცებელი გახდა იმ ფონზე, რა რეზოლუციასაც „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ასეთივე დიდი დანაშაული იყო ქვეყნის წინაშე, როდესაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა  6-პუნქტიან შეთანხმებას, რომელშიც ერთერთი მთავარი პუნქტი კაპიტულაცია იყო. დღე-ნახევრიანი ომის შემდგომ, მან გამოაცხადა, რომ ნებდებოდა და საქართველოს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ საქმე გვქონდა არა ტერიტორული მთლიანობის დაცვასთან, არამედ – აბსოლუტურად  სხვა რამესთან, რასაც ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ამით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ“, –  განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  მთლიანად  უნდა ჩამოშორებულიყო პოლიტიკას.

„მოხდა ისე, რომ  კოჰაბიტაციურმა პოლიტიკამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, ეს დასავლეთის ზეწოლით იყო  თუ არ იყო, ყველა შემთხვევაში,  კოჰაბიტაციაზე პასუხისმგებლობა  ნამდვილად „ქართულ ოცნებას“ აქვს,  მოგვიტანა ის შედეგები,  რომ არც ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვისთვის, არც იმ წამებებსა  და ღირსების შემლახავ მოპყრობებზე, რომელიც მთელს მსოფლიოში აკრძლაულია ომის პერიოდშიც კი, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი დაუსჯელები დარჩნენ.  მთლიანად მათი პარტია უნდა ჩამოშორებულიყო  პოლიტიკას. ამის მაგივრად რამდენიმე პირის, შეიძლება ითქვას,  10-მდე პირის გასამართლება მოხდა  იმ შედარებით მსუბუქი ბრალდებებით, რაც მათ  ჰქონდათ ჩადენილი.  საზოგადოებაში ამან გარკვეული უკმაყოფილება და ანტისახელისუფლებო განწყობები  გამოიწვია.

დღეს,  როცა არჩევნების წინ ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ მისი არასწორი პოლიტიკით, არასწორი კოჰაბიტაციით და „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით თანდათან კარგავდა ამომრჩევლებს, დააპირა  – მოქცეულიყო სამართლის  ჩარჩოებში და როდესაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ და უზნეოდ გადმოკვეთა,    ის დაპატიმრებული იქნა. ის, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა,   ყველამ ვიცით, ის  ტრაილერით შემოიპარა. ათმაგად უზნეობაა  ის, რომ სააკაშვილი არ იყო ჩვეულებრივი პირი, ის ოდესღაც პრეზიდენტი იყო, სირცხვილია,  როდესაც საკუთარ ქვეყანაში, სადაც შენ ქვეყნის პირველი პირი იყავი, მაწვნებსა და არაჟნებთან ერთად შეიპარები. ანუ  ეს,  ერთი მხრივ,  სიმხდალეა, რომელიც სააკაშვილმა არამარტო მაწვნებსა და არაჟნებთან ერთად აჩვენა, არმედ კუშნერთან ერთად მთელს მსოფლიოს დაანახა, როდესაც ჩვენი ქვეყანა  რუსეთს ებრძოდა. ვნახეთ,  როგორ აძლევდა ინტერვიუს კუშნერი და ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი როგორ ფორთხავდა   საკუთარ მიწაზე. ეს ყველაფერი ერთიანობაში საერთაშორისო დონეზე   საქართველოს ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდა. მაგრამ ამის გააზრება და რეაგირება არ იყო ადეკვატური, არც საზოგადოების, ვგულისხმობ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც დღევანდელი ხელისუფლების  მხრიდან. მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ მართლაც უნდა იზეიმოს ამ ქვეყანაში? იმ ადამიანებმა, რომლებსაც  9 წლის მანძილზე უხეშად ერღვეოდათ  თავიანთი უფლებები, იყვნენ ნაწამები,  იყვნენ ჩახოცილები ქუჩაში,  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყვნენ ქონებაჩამორთმეულები და გაკულაკებულები, ოდესღაც ხომ უნდა  ნახონ სამართლიანობა? დღეს ჩვენი ტელევიზიები, ყველაზე არ ვსაუბრობ, იცით, ვისაც ვგულისმობ, იმ 4 ძირითად ტელევიზიას,  რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, მუდმივად აპელირებენ იმაზე, რატომ არის სააკაშვილი ციხეშიო?  ერთი კითხვა არავის დაუსვამს მათთვის, რატომ არ უნდა იჯდეს ის ციხეში?  მასთან ერთად დღეს ციხეში სასჯელს იხდის ათი ათასამდე პატიმარი, ამ ადამიანების დანაშაულები ჯამურად რომ ავიღოთ,  მათ   ჯამურად არ აქვთ ჩადენილი იმის მესედიც კი, რაც სააკაშვილს და მის რეჟიმს აქვთ ჩადენილი.  აქედან გამომდინარე, რატომ უნდა იხდიდეს სასჯელს ის ათი ათასი ადამიანი  და რატომ არ უნდა იხდიდეს სააკაშვილი?  თუ მიდგომა არსებობს ისეთი, რომ  თურმე პრეზიდენტი არ უნდა იხდიდეს სასჯელს, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რომ პრეზიდენტმა  ჩაიდინოს დანაშაული და  ვინაიდან ის ქვეყნის პირველი პირია,  დანაშაულზე პასუხი  არ აგოს.  პირიქით, ვთქვი და გავიმეორებ, 101-მა, ქვეყნის პირველმა პირმა, პრეზიდენტმა და პრემიერმა უკვე აგო პასუხი, სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი ასევე გასამართლებული  იქნა. ის,  რომ საქართველოში კრიმინალი შეიძლება,   იყოს მხარდაჭერილი  და პოლიტიკით „დაკრიშული“ ,   ძალიან ცუდი პრეცედენტის დანერგვაა.  დღეს ამ მიდგომებმა, ტელევიზიების აქტიურობამ და სამოქალაქო საზოგადოების მიყრუებამ გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენთვის უკვე გაუგებარია, რას  ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, რას ნიშნავს კრიმინალი და  ამ ცნებების აღრევა ხდება. ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა კაკაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები