ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკში ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა
“ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში „Chama Mama“ გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე”,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.