ლონდონის Modern Art-ის გალერეა კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას 18 დეკემბრამდე უმასპინძლებს

კარლო კაჭარავას თითო–ოროლა სურათს ადრეც გასცნობია ლონდონის პუბლიკა, მაგრამ მისი პერსონალური გამოფენა წლეულს აქ პირველად იმართება.
კარლო კაჭარავა (1964–1994) იმდენად ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომ შეუძლებელი იყო მისი ნამდვილი ფასის უმალ გაგება და გააზრება. უპირველესად არტკრიტიკოსად ვიცნობდით მისი თანამედროვენი და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაცხადდა, რომ ის იყო უნიჭიერესი მხატვარი და პოეტი.
მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემულმა ლექსებისა და ესეების კრებულებმა, ასევე გამოფენებმა დაგვარწმუნა, რომ კარლო კაჭარავას სახით იმ დახუთულ 1990-იან წლებში გვეგულებოდა სარკმელი, რომელიც დასავლურ კულტურას გვაახლოებდა. ჩვენ ხომ მისგან შევიტყვეთ არაერთი აღიარებული თანამედროვე ამერიკელი და ევროპელი მხატვრისა თუ პოეტის სახელი, ვისზეც საერთოდ არ გვსმენოდა ან ყურმოკვრით გაგვეგო. კარლო იყო ერთგვარი გზამკველვი და განმანათლებელი ქართველი პუბლიკისა.
ჩემი აზრით, ის სიახლე, რაც დასავლური და მსოფლიო მუსიკის გავლენით ირაკლი ჩარკვიანმა დაატყო ქართულ სასიმღერო ჟანრს, კარლო კაჭარავამ იგივე როლი შეასრულა ქართულ სახვით ხელოვნებაში.
ჩვენ ვრწმუნდებით, რომ კარლოს გარეშე ჩავლილმა 27 წელიწადმა, მისი სახელი გაცილებით გაზარდა და მნიშვნელოვანი გახადა. ამას მოწმობს ლონდონის გალერეა Modern Art-ში გახსნილი გამოფენა, რომელიც 11 ოქტომბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ოქტომბერი, წესისამებრ, უამრავი კულტურული მოვლენით არის ხოლმე დატვირთული ლონდონში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული არტ ფრიზი (Art Frieze) და ფრიზის ოსტატები (Frieze Masters), უკვე მეთვრამეტედ გაიმართა, ამჯერად 13–14 ოქტომბერს.
არტ ფრიზის არსებობის განმავლობაში მასში, სამწუხაროდ, არცერთი ქართული გალერეა არ ყოფილა წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმე ქართველ მხატვარი თუ გამოუფენიათ უცხოურ გალერეებს. წლეულს აქ კარლო კაჭარავა გამოჩნდა. Modern Art-ის გალერეამ მნახველს შესთავაზა მისი სურათი „კლოუნი/ბერგმანი“,  გამოჩენილი შვედი რეჟისორის ფილმის შთაბეჭდილებით შექმნილი ტილო.
თუნდაც ეს ერთი ნამუშევრიც საკმარისია საიმისოდ, რომ კარლო კაჭარავას გამორჩეული ნიჭიერება ირწმუნო. დამთვალიერებელთა უმრავლესობამ ამ ერთი ნამუშევრით გაიცნო და დაინტერესდა ქართველი მხატვრის შემოქმედებით.
ფრიზის დახურვის შემდეგ, Modern Art-ის გალერეა შესაძლებლობას აძლევს ლონდონის პუბლიკას ახლა უკვე ოლდ სტრიტზე, საკუთარ საგამოფენო დარბაზებში უფრო ვრცლად გააცნოს კარლო კაჭარავას ხელოვნებას. სანია კანტაროვსკის და სკოტ პორტნოის კურატორობით გამართულ ექსპოზიციაში ქართველი მხატვრის ორმოცზე მეტ სურათს  იხილავთ. აქვე წარმოდგენილია კარლო კაჭარავას პერსონალური ფოტოები, ხელნაწერები, უბის წიგნაკები.
კარლო კაჭარავას არტს ასე სრულად პირველად გავეცანი და დავრწმუნდი, რომ იგი არა მარტო თავისი ეპოქის საკვანძო ხელოვანი იყო, არამედ დღესაც რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ხელოვნად არა მარტო საქართველოში?! მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან ვერ დაასახელებთ მხატვარს, ვინც კარლო კაჭარავას მხატვრულ ხარისხს და სიახლეს გაუტოლდება. ლონდონში საბჭოეთგამოვლილ მხატვრებს ხანდახან ფენენ, მაგრამ ვერანაირ ჩარჩოს ვერ უსადაგებენ, ალბათ უფრო იმის საჩვენებლად ამზეურებენ, თუ როგორი პროვინციული, მკვდრად შობილი და დაშრეტილია ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული მხატვრების „ხელოვნება“ (თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც).
კარლო კაჭარავას ექსპოზიცია ლონდონში დღეს იკითხება, როგორც ვერდიქტი სნობურ და საკუთარ თავზე შეყვარებული მხატვრების არმიაზე, რომლებსაც იმის ამბიცია გააჩნდათ, რომ მსოფლიო ხელოვნების ჩარხს ატრიალებდნენ?! არსებითად კი, უღონო და უსახურ ბალასტს ახვავებდნენ. გაოცებას ვერ ვფარავ, საიდან მოდიოდა კარლო კაჭარავას ამგვარი შინაგანი თავისუფლება, შეუზღუდაობა მასალაში, ტექნიკასა და აზროვნებაში!
მას უდავოდ გააჩნდა ტელეპატიური უნარი თითქმის იზოლაციაში ეკეთებინა იმის ტოლფარდი არტი, რაც იმხანად დასავლეთში იქმნებოდა.
ეს უკვე მოვლენაა ხელოვნების ისტორიაში და მის ფურცლებზე კარლო კაჭარავას მარადიულ დამკვიდრებას მოასწავებს.

                                                გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები