თანამედროვე აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება გაიმართება

 19 და 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „კავკასიური სახლის“ პროექტ „კულტურის კალენდრის“ ფარგლებში, გაიმართება თანამედროვე აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება.
„ღონისძიება საშუალებას მოგვცემს გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მეზობელ ქვეყანაში წარმოებულ კინოპროდუქციაზე, მის შინაარსობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებზე.
ივლისში ვაჩვენეთ თანამედროვე სომხური კინოს ნიმუშები. დროდადრო ისევ შემოგთავაზებთ ღონისძიებებს რეგიონული კინოკულტურის გასაცნობად“, – აღნიშნულია „კავკასიური სახლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

19 ოქტომბერი
„ქამელეონი“ — ელვინ ადიგოზელი და რუსტამ ჰასანოვი, 2013.
ახალგაზრდა ნიჯათი მშობლიურ გოგჩაიში ჩადის, რათა მამისგან ნაანდერძევი სახლი გაყიდოს ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად. სახლის ყიდვა კი სურს ალის, რომელიც რეგიონში გზების გაყვანით დაკავებულ კომპანიაში მუშაობს და სამსახურში დაწინაურების იმედად აქ ოჯახთან ერთად აპირებს საცხოვრებლად გადმოსვლას. თუმცა ფილმი არც ისე დინამიკურად მიედინება, ის მაინც საინტერესოდ წარმოაჩენს, როგორია პროვინციის ყოფა-ცხოვრება, რით არიან დაკავებულნი და რა გზებით ცდილობენ ადამიანები თავის გატანას. ობიექტივში მოქცეულ ყოფით ურთიერთობებში კი, მსგავსი კულტურული და სოციალური ფონის წყალობით, ქართველი მაყურებელი უთუოდ ბევრ ნაცნობ მომენტს დაიჭერს.

26 ოქტომბერი
„მდინარეზე“ — ასიფ რუსტამოვი, 2014.
ფილმი პატარა ქალაქის ნიჩბოსანთა გუნდის მწვრთნელის, ალის შესახებ მოგვითხრობს. ალის ცოლის მიტოვება და საყვარელთან ახალი ცხოვრების დაწყება სურს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისგან ვაჟი აკავებს. ვაჟი, რუსლანი, ნიჩბოსანთა გუნდის წევრია და დაძაბული ურთიერთობა აქვს მამასთან, რადგან მის დიდ მოლოდინებს ვერ ამართლებს და საყვედურებს იღებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ კი ალი ვაჟს გუნდიდან აგდებს. რუსლანი კვალი ამის შემდეგ იკარგება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები