ივერი მელაშვილი: ექნებათ მცდელობა, დავით გარეჯის საქმე სააკაშვილს დაუკავშირონ
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები განახლდა. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე დღეს არსებითი განხილვის სხდომაა ჩანიშნული.
ივერი მელაშვილის მოსაზრებით, იქნება მცდელობა, რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ.
როგორც მელაშვილმა სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, საქმე პოლიტიზებულია.
„საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით, ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. ზოგადად, არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ, ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს და საქმე აღიძრა, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაქვს საფუძველი, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე შეგნებულად არ მაქვს შეხება დემარკაციის საკითხებთან და ვერიდები, რამდენადაც ვიცი, პროკურატურას აქვს მეორე გამოძიება გამოცხადებული, შეგნებულად ვერიდები კონტაქტებს. ამიტომ, პრესიდან თუ რამე ვიცი, ჩემი გამოცდილებით შემიძლია, ვთქვა, რომ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯები არ მომხდარა. რომ გითხრათ, რაიმე გარღვევა ყოფილიყო, ასეთი არ მომხდარა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მე სამსახურებრივადაც ჩამოცილებული ვარ სფეროს. მცდელობა, რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს, რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.