სალომე ზურაბიშვილი ვენაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვენაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას სტუდენტებმა პრეზიდენტს იმ საკითხების შესახებ ესაუბრნენ, რომლებსაც ისინი სწავლის პროცესში აწყდებიან.
“საუბარი შეეხო სწავლის პროცესში სტუდენტებისათვის შექმნილ სირთულეებს, როგორიცაა წყაროებსა და დოკუმენტაციაზე წვდომის საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მიეცეთ შესაძლებლობა და ჰქონდეთ წვდომა იმ კონკრეტულ დოკუმენტაციასა და წყაროებთან დაკავშირებით, რომელიც მათ კვლევისას ან სწავლის პროცესში სჭირდებათ. პრეზიდენტის განცხადებით სტუდენტებმა შესაძლებელია გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და უნარები, რათა მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია, მაგალითისათვის კი სალომე ზურაბიშვილმა ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ ორგანიზებულად ინფორმაციის განთავსება დაასახელა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი სანდო და ვრცელი სტატია დაიდება ვიკიპედიაში სხვადასხვა ენაზე, მით უფრი გაიზრდება საქართველოს ცნობადობა და მოხდება მისი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.