მეუფე შიო: თუ გვინდა, გვქონდეს წარმატება ჩვენს ცხოვრებაში, ყოველი საქმე უნდა დავიწყოთ ლოცვით
“თუ გვინდა, გვქონდეს წარმატება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს წამოწყებებში ყოველთვის უნდა გამოვითხოვოთ ღვთის ლოცვა-კურთხევა და ყოველი საქმე უნდა დავიწყოთ ლოცვით”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღვთის მადლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება.
„თუ გვინდა, გვქონდეს წარმატება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში, ჩვენს წამოწყებებში (დღეს რამდენ ადამიანს ვხედავთ, რომლებიც იწყებენ ისეთ ღონისძიებებს და საქმეებს, რომლებიც აშკარად არ არის ღვთისგან დალოცვილი, აშკარად არ არის ღვთის ნებით), ყოველთვის უნდა გამოვითხოვოთ ღვთის ლოცვა-კურთხევა და ყოველი საქმე უნდა დავიწყოთ ლოცვით.
რამდენჯერ გვსმენია ადამიანებისგან, რომ დიდხანს ვშრომობ, თითქოს კარგად ვშრომობო, მაგრამ შედეგი, წარმატება არ აქვთ ადამიანებს, წარუმატებელი, უმადლო, უიღბლოა თითქოს მრავალი ჩვენგანის შრომა, იმიტომ რომ გვავიწყდება უფლის ლოცვა-კურთხევა, გვავიწყდება, მივმართოთ ღმერთს, ავიღოთ მისგან ლოცვა-კურთხევა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გვავიწყდება, რომ ღმერთის მადლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება”,- აღნიშნა მეუფე შიომ.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ.
გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს კი გაძლიერება და სიმტკიცე სარწმუნოებაში, ღვთის მადლი ჰქონოდეთ მათ.
დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულებს“, – განაცხადა მეუფე შიომ.