შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, თუმცა, ის ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და მსჯავრს ქართულ ციხეში მოიხდის

“მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე ეს მისი ვალდებულებაც არის, რომ იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. მთელი პარადოქსიც ამ სიტუაციის ის არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე არის და მერე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნის (სააკაშვილის გადაცემის) არ არსებობს რა თქმა უნდა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, და ამასთანავე, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ინსტიტუცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები