ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს

„მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე”,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს მალე დატოვებს.

„ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ ეს არჩევანია – ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს.

რაც შეეხება შიმშილობას – მე ვერაფერს მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის მოწოდებებსაც სხვები იზიარებენ. მე უბრალოდ, შემიძლია ადამიანური პოზიციიდან ვუთხრა, რომ ნამდვილად არ ღირს ჯანმრთელობის შერყევა რეჟიმთან დასაპირისპირებლად, იმიტომ, რომ ახლა, ის ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ღონიერი და იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ და სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი გეგმა, საჭიროა მისი მხნედ ყოფნა. სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. როგორ? ვნახავთ, ყველა ერთად”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

როგორც მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, და ამასთანავე, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ინსტიტუცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები