დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ოთხივე მოწმემ განაცხადა, რომ დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენების დროს ფარდული მათი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა.

,,დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ოთხი მოწმე, რომლებიც კონფლიქტის განვითარების დროს იმყოფებოდნენ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში. ოთხივე მოწმემ გაიხსენა მათთვის ცნობილი გარემოებები თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გადაინაცვლეს მხარეებმა ხორავას ქუჩაზე, როგორ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ვინ მონაწილეობდა მასში და ა.შ. თუმცა, ოთხივე მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც დავით სარალიძეს მიაყენეს ჭრილობები ფარდული მათი თვალთახედვის არეში არ იმყოფებოდა, გამომდინარე აქედან, არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია ჭრილობის მიმყენებელთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მოწმე არის გიორგი მენაბდის მეგობარი, ისინი ერთად მივიდნენ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში, მაგრამ როდესაც დაიწყო ჩხუბი გიორგი მენაბდეს ვერ ხედავდა, ასევე ვერ ხედავდა უშუალოდ ფარდულს”, – აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები