პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნები იხსნება
27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.
ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც, ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გაატარა, რათა სისტემა დაეცვა კოვიდ-19-ის გავრცელებისგან. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული.
სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.