ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, დეკემბრისთვის, დაახლოებით, 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ
“თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, ჩვენ დეკემბრისთვის, დაახლოებით, 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დასაშვებია, რომ იყოს კორონავირუსის მეხუთე და შემდეგი ტალღებიც. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ორი რამ: ქვეყანაში იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო კოლექტიური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე.
„მოგეხსენებათ, ვირუსულ ინფექციებს აქვს ასეთი ციკლური მიმდინარეობა და ეს სავსებით დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. მით უფრო, ოქტომბრის ბოლოდან საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი იწყება, როდესაც სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი აქტიურდება. კორონაც რესპირაციული ვირუსია. ასე რომ, ეს შესაძლებელია.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, ამისთვის აუცილებელია, მოვუწოდოთ ყველას, ქუჩაში რომ ვართ, გავიკეთოთ პირბადე, რომელიც სამწუხაროდ, 43%-ზე ჩამოვიდა. ავიყვანოთ როგორმე ეს 95%-ზე. თუ ყველა ჩვენგანი ატარებს პირბადეს და პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, ჩვენ დეკემბრისთვის, დაახლოებით, 200-250 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ, თუ 1 000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს კი ნიშნავს ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს. ამიტომ, მეხუთე ტალღისთვის, თუ შეიქმნება ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი, ჩავატარებთ ახლა მილიონ აცრას და შემდეგ ასევე, მილიონ აცრას ოქტომბერში, ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე იქნება, თუ მეექვსე ტალღა. ასე რომ, ამისთვის საჭიროა ორი რამ: ქვეყანაში იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო კოლექტიური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.