კუბა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ქვეყანაში გამოიყენება ადგილობრივი წარმოების ვაქცინები – Abdala და Soberana, რომლებიც ჯანმო-ს მიერ გამოყენებისთვის აღიარებული ჯერ არ არის.
11,2- მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა ბავშვების აცრას სკოლების გახსნამდე გეგმავს, რომლებიც 2020 წლის მარტიდან დახურულია. სასწავლო პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა, დისტანციურად, სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით, რადგან მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
3 სექტემბერს კუბაზე Abdala-სა და Soberana-ს ვაქცინებით 12 წლიდან მოზარდების აცრა დაიწყეს, თუმცა, უკვე 6 სექტემბრიდან სენფუეგოს პროვინციაში პრეპარატები 2-დან 11-წალმდე ასაკის ბავშვებსაც შეუყვანეს.
მსოფლიოში 12 წლიდან ბავშვების აცრა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინებით.
ჩინეთმა, ვენესუელამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ პატარა ასაკის ბავშვების აცრის დაწყებას, თუმცა, კუბამ ეს პირველმა გააკეთა.
ჩილემ 6 სექტემბერს Sinovac-ის ვაქცინით 6-დან 12 წლამდე ბავშვების აცრა დაიწყო.
კუბაში შექმნილი ვაქცინები ლათინურ ამერიკაში პირველია, თუმცა, მათ საერთაშორისო სამეცნიერო შეფასება ჯერ არ გაუვლიათ.
ისინი დაფუძნებულია ცილების რეკომბინანტულ ტექნოლოგიაზე – ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება Novavax-ის პრეპარატში აშშ-ში და Sanofi-ში საფრანგეთში, რომლებიც ასევე ჯანმო -ს დამტკიცების მოლოდინში არიან.
სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, რეკომბინანტული ვაქცინები არ საჭიროებენ ზედმეტ გაგრილებას.