გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატის თვალწინ მუცლის არეში დაზიანება მიიყენა
გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატთან პაემნის დროს მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა.
როგორც “კვირას” პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
“მსჯავრდებული ტ.დ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის ( ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილება) საფუძველზე მოთავსდა. მიმდინარე წლის 6 სექტემბერს მსჯავრდებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით ხანმოკლე პაემნისთვის განკუთვნილ ოთახში იმყოფებოდა. რა დროსაც მსჯავრდებულმა მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა, კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია. მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მომხდარს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.