დავით ნარმანიამ სტუ-ის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას  სემეკ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიგელები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გასული სასწავლო წლის განმავლობაში მაქსიმალური ქულები დააგროვეს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში – ზურაბ გასიტაშვილი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი – ლენა შატაკიშვილი, სემეკ-ის წევრები და აპარატის თანამშრომლები.
„ენერგეტიკის სექტორისათვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა თაობის აღზრდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი არის სწორად ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა ენერგეტიკის შესახებ. სემეკ-სა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კომისიას ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ხელი შეეწყოს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ენერგეტიკოსებად ჩამოყალიბებასა და მათ წახალისებას სასწავლო თუ პროფესიულ გზაზე.
ვულოცავ სტუდენტებს დაჯილდოებას და ვუსურვებ მათ წარმატებებს. მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი – ყოველ წელს, სემეკი დააჯილდოებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამივე საფეხურის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება, ხელშეწყობა კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ინფორმაციის მოძიება-გაცნობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები