აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, დოქტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის გამაძლიერებელ (ბუსტერ) ვაქცინას, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებენ.
ამასთან, ფაუჩის თქმით, Moderna-ს დამტკიცებას შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს.
CBS-ის გადაცემაში ფაუჩი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიზანს გამოეხმაურა, დაიწყოს სექტემბერში რევაქცინაციის კამპანია. მისი თქმით, ეს, „გარკვეული გაგებით“, გეგმად რჩება.
როგორც მან აღნიშნა, Pfizer/BioNTech-მა წამლების ადმინისტრაციას (FDA) წარუდგინა გამაძლიერებელთან დაკავშირებით აუცილებელი ინფორმაცია, Moderna-ს ჯერ არ აქვს დასრულებული პროცესი.
“თუ ეს არ მოხდება 20 სექტემბრამდე, მაშინ “მოდერნას” ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების შეთავაზება დროში გადაიწევს”, – თქვა მან.
კომპანია Moderna-ში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა, 1-ელ სექტემბერს განაცხადეს, რომ ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაიწყეს.
აგვისტოში, ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამერიკელების რევაქცინაცია 20 სექტემბერს დაიწყება.
ამასთანავე, მეცნიერებს ჯერ არ მიუღიათ კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ აძლიერებს ბუსტერ ვაქცინები იმუნიტეტს და საჭიროა თუ არა ყველა ამერიკელის ხელახალი აცრა ან მხოლოდ მათი, ვისაც სერიოზული ავადმყოფობის მაღალი რისკი აქვთ.
ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე გამაძლიერებელი ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ FDA და სხვა ორგანოები შეისწავლიან მიღებულ მონაცემს, რომ დარწმუნდნენ ამაში.
”როდესაც გსურთ, ნება დართოთ საზოგადოებას, მიიღოს დამატებითი დოზა, უნდა იყო აბსოლუტურად დარწმუნებული,” – თქვა მან.