The Sunday Express: ბრიტანელმა სპეცრაზმელებმა ქაბულამდე მისაღწევად ჩადრი გაიკეთეს
ბრიტანელმა სპეცრაზმელებმა SAS (Special Air Service) ქვედანაყოფიდან, რომლებიც ავღანეთის სამხრეთ ნაწილში სპეცდავალებაზე იმყოფებოდნენ, ჩადრი გაიკეთეს თალიბების მოსატყუებლად და ქაბულის აეროპორტამდე მიაღწიეს.
დაახლოებით 20 სამხედრო გაფრთხილებული იყო, რომ მათი ევაკუაციისთვის ვერტმფრენები არ იყო. მათ თავი ქალებად წარადგინეს და ქაბულამდე მისაღწევად მრავალკილომეტრიანი გადაადგილება შეძლეს. „სამხედროებმა საკუთარი აღჭურვილობა დატოვეს, გარდა პირადი იარაღისა და ტყვიების, და გადაიცვეს ჩადრი“,- ყვება გამოცემის წყარო ბრიტანული თავდაცვის სამინისტროდან.
წყაროს ინფორმაციით SAS-ის გუნდი ავღანეთში რამდენიმე თვე იმყოფებოდა და ისინი საიდუმლო დაზვერვის დავალებას ასრულებდნენ როდესაც ავღანეთში ვითარება „აირი“. მათ მიიღეს ბრძანება შეეწყვიტათ ოპერაცია და დაუყონებლივ დაბრუნებულიყვნენ ქაბულში.
„მათ 5 ტაქსის ავტომობილი შეიძინეს. ბლოკპოსტებზე განაცხადეს, რომ სურთ მიესალმონ ხელისუფლებაში მოსულ თალიბებს. ამან იმუშავა. იყო რამდენიმე სარისკო მომენტი, მაგრამ თალიბებს ჩადრის მოხსნა არ უთხოვიათ, სამხედროებმა აეროპორტამდე მშვიდობით მიაღწიეს“,- აცხადებს წყარო.