რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა აგვისტოში რეკორდს მიაღწია, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება სანიტარული შეზღუდვების მოხსნას აგრძელებს.
ფრანგული გამოცემა La Croix წერს, რომ ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ეჭვს იწვევს და არსებობს ვარაუდი იმის, რომ რიცხვები ბევრად შემცირებულია.
“გარდაცვალების რიცხვები, თუ მათ ცალკე განვიხილავთ, რასაკვირველია, მაღალია. მაგალითად, პირველ სექტემბერს 798 პირი იმსხვერპლა ვირუსმა, 31 აგვისტოს – 795, ხოლო 30 აგვისტოს 792 გარდაცვლილი აღირიცხა. თვე-ნახევარზე მეტი ხნის პერიოდში, ეპიდემიის ყოველდღიური სტატისტიკა უახლოვდებოდა 800 დაღუპულს, ეს ზღვარი ამ პერიოდში მხოლოდ 8-ჯერ იყო გადაჭარბებული. ქაღალდზე რუსეთში პანდემიამ მართლაც მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, მაგალითად, 820 დაღუპული იყო 26 აგვისტოს, რაც არის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. მაგრამ სტატისტიკა გასაოცრად “სტაბილური” რჩება. რუსეთში ზოგისთვის სტაბილურობა მანიპულირების სინონიმია, მიუხედავად იმისა, რომ ამ თვის დასაწყისში რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ სექტემბერში ეპიდემიის განახლების საფრთხე არსებობს,” – წერს სტატიის ავტორი.
აგვისტოს შუა რიცხვებში რუსმა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, ალექსანდრე დრაგანმა დაწერა, რომ “ამაში ახალი არაფერია”.
დრაგანი პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაკავებულია სტატისტიკის შესწავლით და ხშირად ამხელს მთავრობას რიცხვების მანიპულირებაში, რადგან აღიარებული მაჩვენებელი ხშირად ეწინააღმდეგება ადგილზე არსებულ რეალობას. ექსპერტი ამბობს, რომ თუ გასულ წელს მანიპულირება უფრო მეტად მოდიოდა რეგიონული ხელისუფლებებისგან, რომლებიც ცდილობდნენ, კრემლისთვის კარგი რიცხვები ეჩვენებინათ, ამ ზაფხულს, მანიპულაცია პირდაპირ ცენტრალური ხელისუფლებისგან მოდიოდა.
”ამის მისაღწევად ფედერალური ოპერატიული შტაბი მიმართავს მარტივ ხრიკს: ის ამახინჯებს რეგიონული შტაბის მონაცემებს და ცალკეული რეგიონების მაჩვენებელს ამცირებს. სადღაც – ორი სიკვდილი მოჭრეს, სადღაც – 5, სადღაც – 9, ყველაფერი იმისთვის, რომ 799-ზე მეტი ლეტალობა არ გამოჩნდეს”, – წერს დამოუკიდებელი ექსპერტი.
La Croix აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიით მიყენებული ზარალის “ჯიუტი შეუფასებლობის” გამოსააშკარავებლად საკმარისია, კიდევ ერთ რუსულ დაწესებულებას მიმართოთ: “როსსტატის უახლესმა ანგარიში, რომელიც ჩუმად გამოქვეყნდა, აჩვენებს “ჭარბ სიკვდილიანობას” – 64 ათასი ადამიანი ივლისში, რომელთაგან, სულ მცირე, 50 ათასი უკავშირდება Covid-19-ს. ერთი მხრივ, ეს არის რეკორდი პანდემიის დაწყებიდან, მეორე მხრივ, ჩანს უზარმაზარ სხვაობა იმ რიცხვებს შორის, რომელსაც ოპერატიული შტაბი აქვეყნებს – 23 349 გარდაცვლილი”.
“დელტა” ვარიანტის კომბინაცია და რუსეთის მოსახლეობის ჯერ კიდევ ძლიერი სკეპტიციზმი ვაქცინაციისადმი – მოსახლეობის მხოლოდ 25% არის აცრილი – შეიძლება, მძიმე ტვირთად დააწვეს ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვირუსთან ბრძოლისთვის მკაცრი ზომების მიღებას. 17-19 სექტემბერს, სახელმწიფო დუმის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რამდენიმე რეგიონმა რიგი სანიტარული შეზღუდვების გაუქმების შესახებ განაცხადა”, – წერს სტატიის ავტორი, ფაბრის დეპრეზი.
ავტორი : მონიკა დავლიანიძე