“დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევზე ხელმოწერა არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.
„მოგეხსენებათ, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის მედიაციით შედგა. მან დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ, ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს. ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.
მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია.
ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, – ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.