ირაკლი ღარიბაშვილი: რიკოთის მსგავსი მასშტაბისა და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი
“რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბისა და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა; მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთზე განუცხადა, სადაც ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში 3 სააათში გადაადგილდებიან.
„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. ამას გარდა, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით.
ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრატების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი.
რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.