USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის მიზნით, ფერომონები გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ მიმდინარეობას გაეცნო.
პიტერ ვიბლერმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებული სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერა.
სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა მიმდინარე კვლევების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია. პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ 2021 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერება, დიაგნოსტიკა და მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზი.
პროექტის ფარგლებში, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სურსათის ეროვნულ სააგენტოს 5 ათასი ფერომონი გადასცა. პიტერ ვიბლერი და ზურაბ ჩეკურაშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში ფერმერებს ესტუმრნენ და დამონტაჟებული ფერომონიანი დამჭერები დაათვალიერეს.