ამირან გამყრელიძე: იმედი მაქვს, წლის ბოლოს გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი

“კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარზე. იმავე დროს, ვითვალისწინებთ სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტის პროგნოზირების მაჩვენებლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ დაახლოებით ამ შეზღუდვებით, რაც ქვეყანაშია, გამოვიყენებთ პირბადეს, აცრების სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, მაშინ დეკემბრისთვის პროგნოზი არის, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა, დაახლოებით, ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში – ოღონდ იმ პირობებით, რომ ავიცრებით მოზრდილი მოსახლეობის 60%, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვექნება, დაახლოებით, 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს და მთავარ ბუსტერებს და კიდევ სხვა მოთხოვნებსაც შევასრულებთ, როგორიცაა რეგულარული ტესტირება, კოვიდდადასტურებულების დროული იზოლაცია. დღეს საბჭოზე განვიხილეთ საკითხი, რომ მეტად სწრაფად მიეცეთ ადამიანებს იზოლირების საშუალება, რადგან ჯაჭვის გაწყვეტის მთავარი საშუალება ინფიცირებულის სწრაფი იზოლირებაა, რომ მან სხვებს არ გადასდოს. ჩვენ კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს, გვინდა თუ არა ეს. კოვიდი, ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%. ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება ძალიან სწრაფად საყოველთაო იმუნიზაცია, რაც, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში იქნება. ასევე, მაქვს იმედი, რომ ამ წლის ბოლის, მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები