თამარ გაბუნია: რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება.
მისივე თქმით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას არ იძლევა.
„სამშაბათ დღეს სტანდარტულად ყველაზე მაღალია გამოვლენის მაჩვენებელი, თუმცა, დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით ათასი ერთეულით ნაკლებია გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევა არის 48 963, აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის 7 457 პაციენტი, ინტენსიურ თერაპიაზე არის 1 650 და რეანიმაციულ განყოფილებაში 369 პაციენტი. ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, გუშინ ჩატარდა 25 670 აცრა. ემატება ამცრელი წერტილები და ასევე, ემატება მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში. იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, ამ ეტაპზე გეგმაშია რუსთავია. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები. რა თქმა უნდა, დღევანდელი ეპიდემიური სურათი არის საყურადღებო, არცერთ შემთხვევაში არ იძლევა არც მოდუნების და არც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას. სწორედ ამას უკავშირდება სატრანსპორტო შეზღუდვის გადაწყვეტილება და ის შეზღუდვები, რაც დღეს მოქმედებს, უნდა დარჩეს ძალაში. ვიცით, რომ სკოლებში სწავლა განახლდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, სხვაგვარად ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ იძლევა. ვნახოთ, ჩვენთვის სექტემბრის თვე იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და შემდეგ უკვე რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილებები ამის შესაბამისად მიიღება“, – აცხადებს გაბუნია.