თენგიზ ცერცვაძე: რეგულაციებს თუ დავიცავთ, მათ შორის, პირბადის ტარებას, განსაკუთრებით – რეგიონებში, დიდი იმედი მაქვს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია იქნება სტაბილური

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნებია.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, კორონავირუსის შემთხვევების ტენდენცია შენარჩუნდება.

„ბოლო დღეების ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, სახეზეა ახალი შემთხვევების სტაბილიზაცია. 5-6 ათასი ინფიცირებული იყო, ახლა კი ბოლო ორი დღეა, დაახლოებით, ოთხი ათასის ფარგლებშია. რეგულაციებს თუ დავიცავთ, მათ შორის, პირბადის ტარებას, განსაკუთრებით – რეგიონებში, დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია იქნება სტაბილური.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, რაც ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან 70 და მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, რომელმაც მთელი მსოფლიო დააზიანა. ოთხ მილიონ ნახევარზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში, თუმცა, ეს ჩვენთვის ნაკლები შეღავათია. ჩვენ ვწუხვართ ჩვენს გარდაცვლილებზე და მტკივნეულად განვიცდით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც 700 000-მდე გარდაცვლილი ჰყავს. მეკითხებიან, შემთხვევები შემცირდა, თუმცა გარდაცვალებამ იმატაო, ეს პროგნოზირებადი იყო, რადგან ბევრმა იცის, რომ როგორც წესი, გარდაცვალების პიკი ახალი შემთხვევების მატების პიკს 2-3 კვირით ჩამორჩება. ბუნებრივია, ახლადდაინფიცირებული ავადმყოფების გარდაცვალება იმავე დღეს კი არა, ორი ან სამი კვირის შემდეგ ხდებოდა. ეს პროგნოზირებადი და ცნობილი ფაქტია. ვფიქრობ, სწორედ ახლაა გარდაცვალების პიკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები