თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო თბილისის მეწყრული ზონების მდგომარეობას. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის საპრევენციოდ განხორციელდა.
„თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.
კახა კალაძის განმარტებით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა აგებულია თბილისის განვითარებისთვის საჭირო პროეექტებზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ისევ რჩება დედაქალაქის გამოწვევად.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ვიცემერი – ირაკლი ხმალაძე დაესწრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.